გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრი

გარდაბნის ახალგაზრდული ცენტრი  დაარსდა 2011 წლის სექტემბერში საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის  „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ქსელის ფარგლებში, რომელიც ხორცელდება სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ, ამერიკის  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ცენტრს ხელმძღვანელობს რეგიონალური კოორდინატორი – თამარ კაკრიაშვილი

ცენტრის წევრი მოზარდები აქტიურად ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ესწრებიან და ისმენენ ტრენინგ-სემინარებს თემაზე: ადამიანის უფლებათა დაცვა, ოჯახური ძალადობა, კულტურული მრავალფეროვნება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ტოლერანტობა, გარემოს დაცვა, გენდერის რაობა, სოციალური ჰარმონიულობა, ლიდერობა, პირადი თვისებების ფორმირება, თვითკონტროლი, კონფლიქტების პრევენცია და სხვა.

ცენტრში ტრადიციად დამკვიდრდა საერთაშორისო თარიღების აღნიშვნა და აქციების სახით განხორციელება: ბავშვთა უფლებების დაცვის დღე; დედამიწის დღე; ცხოვრება ნიკოტინის გარეშე, არა ნარკოტიკს; გარემოს დაცვის დღე, რის ფარგლებშიც მოსწავლეებმა დარგეს მწვანე ნარგავები, თავისი ქალაქის ქუჩებში მოაწყვეს დასუფთავების დღე და სხვა.

მოზარდები მონაწილეობენ თანატოლთა ტრენინგებში. იმართება საზაფხულო ბანაკები და გაცვლითი პროგრამები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.

ტრენერებად და ლექტორებად მოწვეულები არიან გამოცდილი დ ა პროფესიონალი ტრენერები და ფასილიტატორები, სახალხო დამცველის ოფისიდან, საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროდან, გამოცდილი ფსიქოლოგები და ადამიანის უფლებათ დაცვის სფეროში ცნობილი ექსპერტები.

ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობები, მიზნად ისახავენ სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი აქტიური მუშაობის საშუალებით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას საქართველოს ახალგაზრდებს შორის.